პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და "ხელოვნება მომავლისათვის" და ელიზაბეტ გასტის ფონდთან თანამშრომლობით 2009 წელს. პროექტი მიმდინარეობდა 5 თვის (იანვარი-მაისი) განმავლობაში.
პროექტი მიზნად ისახავდა წინაპროფესიული და პროფესიული უნარების განვითარების კომპონენტის შეტანას რუსთავის დღის ცენტრის პროგრამულ ნაწილში, რაც ხელს შეუწყობდა ცენტრის ბენეფიციარ ახალგაზრდებს პროფესიული შესაძლებლობების ძიებაში და სხვადასხვა სფეროში თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში.
პროექტმა მოიცვა რუსთავის დღის ცენტრის 50 ბენეფიციარი და რუსთავის მცირე საოჯახო სახლის 8 აღსაზრდელი. ასევე, 15 პედაგოგი, ფსიქოლოგი და მცირე საოჯახო ტიპის სახლის 4 აღმზრდელი.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგს, მონაწილეობა მიეღოთ ფერწერული ტილოების, კერამიკული ნამუშევრების, ხისა და მინის ნაკეთობების შექმნაში, ჩართულნი ყოფილიყვნენ თეატრალური და მუსიკალური კომპოზიციების მომზადებაში.
წინაპროფესიული და პროფესიული უნარჩვევების განვითარების პროცესში ბავშვებისათვის შესაბამისი ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ტრენინგები ჩაუტარდათ რუსთავის დღის ცენტრის პედაგოგებს, ფსიქოლოგსა და მცირე საოჯახო ტიპის აღმზრდელებს, რომელთაც პროექტის ფარგლებში შეიძინეს შესაბამისი თეორიული ცოდნა ხელოვნებით თერაპიის როლის შესახებ ბავშვის აღმზრდელობით პროცესში და პორფესიული ზრდისათვის აუცილებელი სხვა პრაქტიკული უნარ-ჩვევები